პროკურორი: მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ მელაშვილი-ილიჩოვას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, – ამის შესახებ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მტკიცებულებათა დასაშვებობაზე მსჯელობდნენ, მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვებისას კანონმდებლობა დაცული იყო.

„სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ორი მიმართულებით. ერთი მხრივ, მოსამართლემ დაადგინა, რომ ბრალდების მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას დაცული იყო საპროცესო კანონმდებლობა, მეორე მხრივ, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არის ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი და ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. სწორედ ამ მოტივით, საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს. სასამართლომ იხელმძღვანელა მხარეთა თანასწორობის პრინციპით. ერთი მხრივ, ცალსახაა, რომ დაცვის მხარემ დაარღვია კანონი, თუმცა ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე, მოსამართლემ მაინც დასაშვებ მტკიცებულებად ცნო დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზა. საჯარო გამოსვლებისას ივერი მელაშვილის მხრიდან დაფიქსირებული იყო პოზიციები ზოგადად საზღვართან მიმართრბაში. აქედან გამომდინარე, ის შემხებლობაშია განსახილველ სისხლის სამართლის საქმესთან. სასამართლომ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და ივერი მელაშვილის სატელევიზიო განცხადებებიც დაურთო სისხლის სამართლის საქმეს“, – განაცხადა პროკურორმა.