კახა კალაძე – მინდა ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავები არ გიყენიათ, თავი შეიკავეთ ქალაქში მოძრაობისგან

კონკრეტულ ლოკაციებზე შეიქმნა საცობები იმის გამო, რომ ცალკეულ ავტომობილებს ზამთრის სეზონის საბურავები არ უყენიათ. მინდა, კიდევ მოვუწოდო ასეთ მძღოლებს, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისგან, ვინაიდან ეს გარკვეულ პრობლემებს უქმნის საზოგადოებას, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მუშაობს, ხოლო შიდასაუბნო გზების გაწმენდით სამუშაოებში რაიონული გამგეობები ჩაერთვებიან.

„დედაქალაქში გაგვითოვდა. „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. მუშაობა ახლაც გრძელდება. მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა და გზის გაწმენდის სამუშაოები. პარალელურად, გამგეობები ჩაერთვებიან შიდასაუბნო გზების გაწმენდის პროცესში. სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, სანამ პრობლემა არ მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია, რადგან კერძო ავტომობილების მძღოლები ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობენ.

„გვაქვს კონკრეტული ლოკაციები, სადაც საცობები შეიქმნა. იმ ავტომობილების გამო, რომელთაც ზამთრის საბურავები არ უყენიათ, გზა ჩაიხერგა. მინდა, ვთხოვო ყველა იმ ადამიანს, ვინც კერძო ავტომობილით გადაადგილდება, თუ ზამთრის სეზონის საბურავი არ უყენიათ, თავი შეიკავონ ქალაქში მოძრაობისგან, რადგან ეს საზოგადოებას გარკვეულ პრობლემებს უქმნის. პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლის უსაფრთხოებას. ამიტომ, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გადაადგილებისგან, თუ ავტომობილებზე ზამთრის საბურავები არ გვაქვს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.