ირაკლი ღარიბაშვილი – დღეს ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ სამიზნედ

როდესაც დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, რეპრესიები იხილეს 100 წლის წინ და 10 წლის წინაც.

„მიუხედავად იმისა, რომ ყველა პატრიოტისთვის ძალიან ამაღელვებელი თარიღია, და დევანდელი დღის ისტორიული მნიშვნელობა ამის საფუძველს იძლევა, მაინც არ მინდა, ვიყო პათეთიკური, მაგრამ შეუძლებელია, ვილაპარაკოთ 21 თებერვლის დღესასწაულზე და არ გავიხსენოთ 25 თებერვლის კატასტროფა.

100 წლის წინ კონსტიტუციის მიღება პრაქტიკულად მოხდა ქვემეხების ქვეშ, იმ შტურმის ფონზე, რომელიც ისევ ქართველებისვე წინამძღოლობით შემოჭრილმა უცხო ძალამ, წითელმა არმიამ განახორციელა დამოუკიდებელ სახელმწიფოზე.

ეს შემოჭრა დასრულდა ჩვენი ქვეყნის გასაბჭოებით, ოკუპაციით და საბოლოოდ ფაქტობრივი ანექსიით. თებერვლის ეს სუსხიანი დღეები ჩვენ გვახსენებს საუკუნისწინანდელ წარსულს, როდესაც ქართული სახელმწიფოებრიობის შიდა მტრები, ჩვენი დიდი ეროვნული იდეის მოღალატეები, ქართველი ბოლშევიკები შემოუძღვნენ საბჭოთა რუსეთის მეთერთმეტე არმიას და გაანადგურეს ყველაფერი ის, რაც გარანტირებული იყო რამდენიმე დღით ადარე მიღებული პირველი ქართული კონსტიტუციით.

როდესაც დღეს, ამ მოვლენებიდან 100 წლის თავზე ისევ ვხედავთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის მტრებს, თანამედროვე ნეობოლშევიკებს, რომლებსაც სამიზნედ სწორედ კანონი და კონსტიტუცია გაუხდიათ, გვახსენდება, რომ ეს უკვე ნანახი გვაქვს. უკვე ნანახი გვაქვს ჩვენ რეპრესიები 100 წლის წინ და 10 წლის წინაც. ჩვენ გვაქვს ნანახი ეკლესიების ნგრევა მაშინაც და არც თუ ისე შორეულ წარსშლში. ორგზის გვაქვს ნანახი პროგრესის სახელით ძეგლების აფეთქებაც, ჩვენი მოქალაქეების კერძო საკუთრების ექსპროპრიაცია და თავისუფალი აზრის ცენზურაც. უკვე ორგზის ნანახი გვაქვს სერგო ორჯონიკიძეები, უკვე ორჯერ გავიარეთ ქართული ტერიტორიების გასხვისება, ეს დღესაც გრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებაზე სიტყვით გამოსვლისას.