გიგა ბოკერია – შარლ მიშელმა გვითხრა თუ არა, შევიდეთ პარლამენტში? საკითხი აქამდე არ მისულა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, გვაქვს მყარი პოზიცია

ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება თუ მოხდება, ყველა დანარჩენ საკითხს ეხსნება გზა, – ამის შესახებ  „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგია ბოკერია აცხადებს.

ამასთან, შეკითხვაზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრაზე ხომ არ იყო საუბარი, რომ ჯერ ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში და შემდეგ გადაწყდეს ეს საკითხები, ბოკერიამ თქვა, რომ ამ საკითხამდე საუბარი არ მოსულა.

„ანუ, მიშელმა გვითხრა თუ არა ეს ამ შემხვედრაზე? არა, აქამდე საკითხი არც მისულა, რადგან ჯერ ჩარჩო დაიდო იმისა, როგორ და რა საკითხებს ხედავს ის ჩვენთან, ყველა პოლიტიკურ ძალასთან კონსულტაციის შედეგად მნიშვნელოვან საკითხებად. ჩვენ ვინც არ უნდა მოგვიწოდოს პარლამენტში შესვლისკენ, პოზიცია გვაქვს მყარი იმ თვალსაზრისით, რომ ლეგიტიმაცია თუ არ აქვს პარლამენტს, შესვლა ხელს კი არ უწყობს განმუხტვას, უნდობლობას ნერგავს არჩევნების მიმართ.

ოპოზიცია კომპრომისზე უკვე ბევრჯერ წავიდა, როცა თავად დაიწყო იმ გზების ძებნა, როგორ შეიძლება საკითხი დავძრათ იქედან, რომ არალეგიტიმური არჩევნები იყო და წესით უნდა გაუქმებულიყო შედეგები. ბუნებრივია, ვითარების განსამუხტად ამ საკითხს, რომელსაც პოლიტიკურად იგივენაირად ვაფასებთ, ფორმალურად არც მოვითხოვთ, ხომ? ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმება თუ შედგება, ეს იქნება ჩვეულებრივი ვადამდელი არჩევნები, რაც ხდება ხოლმე დალაგებულ, ნორმალურ ვითარებაში მყოფ ქვეყნებშიც კი პოლიტიკური კრიზისების დროს. ვიცით, რომ მთავრობა არ აღიარებს, რომ ეს იყო არალეგიტიმური პროცესი, მაგრამ ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა, ყველა შემთხვევაში არის განმუხტვა, იმის მიუხედავად, რომელი მხარე როგორ შეაფასებს ამ გადაწყვეტილების ანატომიას.

ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება თუ მოხდება, ყველა დანარჩენ საკითხს ეხსნება გზა. ოპოზიცია აპირებს, იქამდე საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა მიიღოს, ოღონდ ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმებასთან და პოლიტპატიმრების გამოშვებასთან ერთად“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.