ამირან გამყრელიძე – სტაბილიზაციისკენ მივდივართ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“

მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“ ახლა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის  ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით  საქართველოში, პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა, თავშეყრისთვის თავის არიდება და დისტანციის დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ყველას პირბადე გიკეთიათ. სიტუაცია სტაბილიზირდება ქვეყანაში, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ ჩვენ და დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და მათ შორის, ყველაზე მთავარი არის პირბადე. ის, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში, რომელმაც 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მაინც არის 4 ათასი, ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ახლოვადიან პერსპექტივაში ის გარკვეულწლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. აქედან გამომდინარე, ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება აუცილებლად კარგა ხანს დაგვჭირდება“, – განაცხადა გამყრელიძემ.