ნაზი ჯანეზაშვილი – ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე

გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას სასამართლოსთან დაკავშირებით.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, საქართველოში ჩასატარებელია სასამართლო სისტემის რეეფორმა, რომელსაც ექნება ნდობა.

„ვერასდროს ჩატარდება საქართველოში ეფექტური რეფორმა, თუკი რეფორმის ინტერესები მორგებული იქნება ე.წ. კლანზე. დღეს სასამართლო სისტემის უმთავრესი გამოწვევაა „კლანური“ მმართველობა, რასაც სხვადასხვა პრობლემა მოჰყვება უშუალოდ სასამართლო სისტემაში. ამიტომ, რეფორმები თავიდანვე ცხადი იყო, რომ წარუმატებელი იქნებოდა. რადგან ხშირ შემთხვევაში, პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად კანონმდებლობაში ისეთი ცვლილება ტარდებოდა, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ ინტერესებს ერგებოდა. ამიტომ, გამოსავალი სწორედ იმაშია, რომ ქვეყანამ ამ ეტაპზე მაინც გადაწყვიტოს, რომ მას სჭირდება ნამდვილად დემოკრატიული სასამართლო და რომ რეფორმები უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებს და არა, „კლანს“. ეს არის მთავრი ხაზი, რომელიც ამ რეფორმას უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა