თამარ გაბუნია – ​საქართველო 18 ქვეყანას შორის მოხვდა რომელიც Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზას COVAX-ისგან გამონაკლისის წესით მიიღებს 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVAX პლატფორმაზე გამოქვეყნებული ალოკაციის სქემა 140 ქვეყანას მოიცავს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები პირველ ეტაპზე მიეწოდება.

მისივე თქმით, რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული – 29 250 დოზა.

„გუშინ COVAX პლატფორმაზე გამოქვეყნდა დაზუსტებული ალოკაციის სქემა AstraZeneca​-სთვის და Pfizer-ის​თვის. 140 ქვეყანაა ალოკაციის სქემაში მოქცეული პირველ ეტაპზე ვაქცინების განაწილებისთვის, აქედან 18 ქვეყანა არის იდენტიფიცირებული, მათ შორის, საქართველო, რომელიც გამონაკლისის წესით მიიღებს Pfizer-ის​ ვაქცინას.

რაოდენობა რჩება ის, რაც თავიდანვე იყო დაანონსებული – 29 250 დოზა, სავარაუდოდ მარტის ბოლომდე გვეცოდინება, კონკრეტულად როდის შემოვა.

რაც შეეხება AstraZeneca-ს, ალოკაციაში მითითებულია 129 600 დოზა, რომელიც საქართველომ მაისის ბოლომდე უნდა მიიღოს. საწყის კომუნიკაციაში, რომელიც ჩვენთვის თებერვალში გახდა ცნობილი, მითითებული იყო 144 000 დოზაზე მეტი რაოდენობა – 314 000 დოზამდე, თუმცა ეს რაოდენობა იყო განსაზღვრული ივნისის ბოლომდე. COVAX-ი აზუსტებს, რომ რაოდენობა, რომელიც გუშინდელ კომუნიკაციაშია აღწერილი, არ ნიშნავს საქარათველოსთვის გამოყოფილი ვაქცინის დოზების შემცირებას,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.