არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი ეუთო/ოდირს დღეს გავუგზავნეთ შეფასებისთვის

საარჩევნო რეფორმის ახალი პაკეტი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა მოამზადა ეუთოს რეკომენდაციების მიხედვით, დღეს ჩვენ გავუგზავნეთ ეუთო/ოდირის ოფისს დასკვნების და შეფასებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მონაწილეობით შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი კიდევ უფრო გააუმჯობესებს საარჩევნო წესებსა და გარემოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

„პარლამენტში, სამი მოსმენის ფარგლებში ყველა დაინტერესებულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ მონაწილეობა მიიღონ საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში – ერთად ვიმუშაოთ, რომ შემდეგ ადგილობრივ არჩევნებს ჩვენი ქვეყანა შეხვდეს კიდევ უფრო გაუმჯობესებულ გარემოში და გაუმჯობესებული საარჩევნო წესებით“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.