სოზარ სუბარი – მე-9 წელია რუსეთი „ოცნების“ ხელისუფლების შერყევას ცდილობს, მისი შერყევის მცდელობის იარაღი მუდმივად არის სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“

„აქციებს შეჩვეულები ვართ და ამით ვერ შეგვაშინებენ. დიალოგი რომ არ უნდათ, ეს ისედაც კარგად ვიცოდით“, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა გზავნილები ამოიკითხეს ევროპარლამენტარების განცხადებებში და რა გარემოს შექმნის ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციები მოლაპარაკებების პროცესში.

„ გუშინ იძულებულები გახდნენ დიალოგზე ლაპარაკი დაეწყოთ, მაგრამ ცდილობენ დატოვონ დიალოგიდან გასვლის გზა. იმედი მაქვს, ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების ჩართულობით, ისინი ვერ გაექცევიან დიალოგს. საბოლოოდ მოუწევთ აღიარონ იმ არჩევნების შედეგები, რომელიც არ გაყალბებულა“,- აცხადებს სოზარ სუბარი.

ამასთან, როგორც სოზარ სუბარი ამბობს, ევროპარლამენტარების ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ „რუსეთის თამაშს თამაშობს“.

„ ევროპარლამენტარებმა, მათ შორის, იმათმა, ვინც საკმაოდ კრიტიკულები იყვნენ „ქართული ოცნების“ მიმართ, გუშინ პირდაპირ თქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი აწარმოებს დესტრუქციას და თამაშობენ რუსეთის თამაშს.

მეცხრე წელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შერყევას ცდილობს რუსეთი. მისი შერყევის მცდელობის იარაღი მუდმივად არის ერთი და იგივე, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“,- აცხადებს სუბარი.