საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 13 მარტიდან მიიღებს

საქართველო შაბათიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას ეტაპობრივად მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ტიკარაძის განმარტებით, ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 200 დოზას მიიღებს.

„მინდა, დავიწყო მადლობით, ყველა იმ ორგანიზაციის მიმართ, ვინც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად პანდემიასთან ბრძოლაში იყო ჩართული. პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ასევე „კოვაქს“ პლატფორმას, დღეის მდგომარეობით ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პარტნიორს, რომელთანაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქვს არაერთწლიანი გამოცდილება და თანამშრომლობა, კერძოდ, „იუნისეფს“, რომელიც ინტენსიურად არის ჩართული საქართველოსთვის ვაქცინის მოწოდებაში. სწორედ მათი დამხარებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომ საქართველოში ვაქცინა შემოვა დაჩქარებული ტემპით, თარიღმა გადმოიწია ერთი კვირით. ჩვენ უკვე გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ შაბათიდან, 13 მარტიდან საქართველოს ვაქცინა ეტაპობრივად მოეწოდება. კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო დიდი მადლიერება მათი, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის მიმართ, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩართულია ვაქცინის მოწოდების პროცესში. ამ ეტაპისთვის „იუნისეფის“ მხრიდან მიღწეული იქნა მოლაპარაკება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე, მოწოდებული იქნება დათქმული დოზა – 43 200, რომელიც არსებული პროტოკოლით შესაბამისად გადანაწილდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.