სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული მასალების ამოღებას შეძლებს

სასამართლოს ნებართვის საფუძველზე პროკურატურა „ტვ პირველიდან“ კონკრეტული მასალების ამოღებას შეძლებს. განჩინების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ითხოვს იმ კონვერტსა და მეხსიერების ბარათს, რაზეც საუბარი იყო „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

არხის უფლებადამცველი აცხადებს, რომ მზად არიან პროკურატურას მოთხოვნის შემთხვევაში გადასცენ მხოლოდ აუდიოჩანაწერები, რადგან სიუჟეტში კონვერტისა და მეხსიერების ბარათის რეკონსტრუქცია იყო გამოყენებული.

გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბაია ცანავას განცხადებით, ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს „ტვ პირველში“ შეჭრას, არის სიცრუე.

„გამოძიების მიზანია, სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პროკურატურა გეგმავს ტელვიზიაში შეჭრას, არის სიცრუე. ამის დადასტურებაა ჩვენ მიერ ამოღებულ განჩინებასთან დაკავშირებით ტელევიზიასთან წინასწარი სატელეფონო კომუნიკაცია და განჩინების მათთვის ფოსტით გაგზავნის ფაქტიც. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არავინ აპირებს ტელევიზიაში შეჭრას და შევარდნას. მსგავსი სახის ინფორმაცია ცალსახად არასწორია და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“, – აღნიშნა ბაია ცანავამ.