ჯანმოს ევროპული ოფისი AstraZeneca-ზე: ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია

ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ თრომბოემბოლია უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია, – ამის შესახებ ჯანმოს ევროპის რეგიონის წარმომადგენლობის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) საქმის კურსშია იმ უსაფრთხოების ზომების შესახებ, რომელიც ჯანმოს ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე მიწოდებული AstraZeneca-ს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან მიმართებაში. გადაწყვეტილება ეფუძნება იმ ანგარიშებს, სადაც აღნიშნულია აცრილებში სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების შესახებ. ამ ეტაპზე ზოგ ქვეყანაში მიღებულია გადაწყვეტილება დამატებითი უსაფრთხოების ზომების შესახებ, სანამ დასრულდება აღნიშნული რამდენიმე შემთხვევის სრული მოკვლევა.

ხაზგასასმელია ევროპის სამედიცინო სააგენტოს (European Medicines Agency) ფარმაკოზედამხედველობის რისკების შეფასების კომიტეტის პოზიცია, რომ ვაქცინაციის სარგებელი ამეტებს აცრის შემდეგ შესაძლო განვითარებულ რისკს და ვაქცინაცია კვლავ გაგრძელდეს იგივე რეჟიმში, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების შემთხვევების სრული მოკვლევა.

ევროპის სამედიცინო სააგენტოს ფარმაკოზედამხედველობის რისკის შეფასების კომიტეტის 10 და 11 მარტს გაკეთებული წინასწარი განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ ვაქცინაციამ გამოიწვია ამ სახის გართულება. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში თრომბოემბოლიების რაოდენობა არ აღემატება ზოგადად მოსახლეობაში თრომბოემბოლიების რაოდენობას. კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღება გაგრძელდეს, სანამ მიმდინარეობს თრომბოემბოლიების მქონე შემთხვევების შესწავლა.

ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი (WHO’s Global Advisory Committee on Vaccine Safety – GACVS) სისტემატურად განიხილავს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციასა და შესაძლო პრობლემებს, რათა ჯანმოს გაუწიოს შესაბამისი რეკომენდაციები ვაქცინის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

მათივე განცხადებით, ჯანმოს ვაქცინის უსაფრთხოების გლობალური საკონსულტაციო კომიტეტი თვალს ადევნებს და შეისწავლის ასტრაზენეკას ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მიმდინარე ანგარიშებს.

„როგორც კი ჯანმოს ამ შესაძლო შემთხვევებზე ექნება სრულყოფილი შეფასება, საზოგადოებას დაუყოვნებლივ ეცნობება, მათ შორის განახლებული რეკომენდაციაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყანას, გააგრძელონ იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების (adverse events following immunization AEFI) თვალყურის დევნება ნებისმიერი შესაძლო უარყოფითი მოვლენის აღრიცხვისა და იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული გვერდითი მოვლენების გლობალური მეთვალყურეობის მონაცემთა ბაზაში გაზიარების მიზნით.

COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ვერ შეამცირებს სხვა მიზეზებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. სხვა მიზეზებით გამოწვეული სიკვდილიანობა კვლავ გაგრძელდება, მათ შორის აცრილთა შორისაც, მაგრამ მიზეზშედეგობრივი კავშირი მათ შორის არ იქნება.

ა.წ. 9 მარტის მდგომარეობით, ჯანმოში ქვეყნების მიერ მიწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, 268 მილიონზე მეტი დოზა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა გაკეთდა.

მტკიცებულებები მიუთითებენ, რომ დღემდე არ დადასტურებულა გარდაცვალების ერთი შემთხვევაც კი, რომელიც გამოწვეულია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.