როგორც ყველა ვაქცინას და მედიკამენტს მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინასაც გარკვეული გვერდითი მოვლენები გააჩნია – ბიძინა კულუმბეგოვი

როგორც ყველა ვაქცინას და მედიკამენტს მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინასაც გარკვეული გვერდითი მოვლენები გააჩნია, – ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

„პირველი, მეორე და მესამე ფაზის დიდ პოპულაციაზე ჩატარებული კვლევები ეფუძნება იმას, რომ გამოარკვიოს ვაქცინის ეფექტურობა და კლინიკური უსაფრთხოება. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ 30 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევა. დღეის მონაცემებით, მსოფლიოში AstraZeneca-ს ვაქცინა გამოყენებულია ბრიტანეთის 11 მილიონ მოქალაქეში და ამ ვაქცინით აიცრა ევროკავშირის 5 მილიონი მოქალაქე. ჯამში 16-მა მილიონმა ადამიანმა გაიკეთა ეს ვაქცინა ვიდრე ჩვენამდე მოვიდოდა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

ამასთან, კულუმბეგოვმა განმარტა, რა აჩვენა AstraZeneca-ს ​ვაქცინაზე დაკვირვებამ.

„ყველა ვაქცინას და მათ შორის კოვიდვაქცინას ახასიათებს ლოკალური რეაქციები. ეს ლოკალური რეაქცია თითქმის ფიქსირდება ვაქცინირებული ადამიანების 60-65%-ში. არის ადგილობრივი სიწითლე და ადგილობრივი შეშუპების განვითარება. შესაძლებელია იყოს სისუსტე და კუნთების ტკივილი. მარტივად რომ ვთქვათ მსუბუქი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა. ეს სიმპტომები 24, 48 და 72 საათია მაქსიმუმ და შემდეგ უკვალოდ ქრება. კვლევებით ტემპერატურა აღმოჩნდა 6,9%-ში, საშუალოდ 100 ვაქცინირებულიდან 7-მა ადამიანმა სიცხით უპასუხა“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

მისი თქმით, როცა ვაქცინა იმუნურ სისტემას ასე აღიზიანებს, უკეთეს მახსოვრობას ტოვებს. „მუშაობს წამალი ასე ვამბობთ ხოლმე ხანდახან, თუმცა რასაკვრველია, ისეთი რეაქცია არ უნდა იყოს, რომ ადამიანი და ოჯახის წევრი შეაშინოს“, – აღნიშნა კულუმბეგოვმა.

13 მარტიდან საქართველოში ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება.