დავით ბაქრაძე: შესაძლებელია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ერთობლივი შეხვედრაც გაიმართოს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე საუბარი ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხო, თუმცა დეტალებზე საუბრისას ბაქრაძემ თავი შეიკავა.

მისივე ვარაუდით, დანიელსონთან ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ, სავარაუდოდ, ოპოზიციასა და მმართველი გუნდის წევრებს შორის ერთობლივი შეხვედრაც გაიმართება.

„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზეც, რომ დოკუმენტი მთლიანად მნიშვნელოვანია, მაგრამ კრიზისის განმუხტვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი საკითხი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გამოშვება. მოლაპარაკებები გაგრძელდება. მოლაპარაკებები დღესაც და ხვალაც გაგრძელდება, იქნება შეხვედრები, როგორც ცალკე ოპოზიციასა და მმართველ გუნდთან ერთად, თუმცა ასევე შესაძლებელია ერთობლივი შეხვედრაც გაიმართოს. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ასევე, რა ფორმატით იქნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამას, წინასწარ ვერ გეტყვით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.