შალვა ნათელაშვილი – პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც, მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა

ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მიეწეროს ხელი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ  განაცხადა.,

ნათელაშვილის თქმით, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში.

„როგორც ხედავთ, უაღრესად მწვავე და დაძაბული ქართული შიდა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ძალაუფლების უზურპაციითაა გამოწვეული, უკვე გადაიქცა საერთაშორისო პრობლემად. დღეს გრძელდება ევროპის კავშირის შუამავლობით დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. სამწუხაროა ისიც, რომ ალბათ, ორ-სამ ქვეყანაში გავდივართ დედამიწის მასშტაბით, სადაც ოპოზიციას და ხელისუფლებას შუამავალი სჭირდება და ისე ვერ ელაპარაკებიან ერთმანეთს. ეს არის ალბათ, სიარია, ერაყი, ავღანეთი და საქართველო. აი, სადამდე მიიყვანა სულის დიდვაჭარმა ჩვენი ლამაზი და აყვავებული სამშობლო. მოთხოვნები არ იცვლება, ნიკა მელია უნდა იყოს ჩვენს გვერდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება რაიმე გადაწყვეტილებას მიეწეროს ხელი. ასევე, უპირველესი უნდა იყოს ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი, რომელიც უნდა ჩატარდეს ამ წელში.

გარდა ამისა, ივანიშვილის პირადი სანქცირების გარეშე, მოპარული ქონების დაყადაღების გარეშე დიქტატორი არ წავა ახალ არჩევნებზე. ეს არის მწარე რეალობა. ამიტომ ჩვენი თხოვნა და მოთხოვნა იქნება უცვლელი – სანქციების ქვეშ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მილიარდები და შემდეგ ამ თანხების დაბრუნება ჩვენი ხალხის ოჯახებში და ქვეყნის ბიუჯეტში. „ქართული ოცნება” ან ნებით დათმობს, ან ამას დაათმობინებენ. მე არ მაწუხებს რაიმე გადაჭარბებული ილუზიები, რომ დღეს, ხვალ და თუნდაც 16-მდე ყველაფერი გადაწყდება და გაირკვევა. ალბათ, მოლაპარაკებები და რქაგრეხილობა გაგრძელდება კიდევ რამდენიმე კვირა, რის შემდეგაც ოლიგარქი გამოაცხადებს კაპიტულაციას.პოზიციები არ შეიცვლება თუნდაც მარაკანას სტადიონზე მომიწიოს გამოსვლა”,- განაცხადა ნათელაშვილმა.