გიორგი ვაშაძე – ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში – 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული

გიორგი ვაშაძე: 48 საათში გამოჩნდება, ქვეყანა შეთანხმების გზით მიდის, თუ შეუთანხმებლობის
ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ მოლაპარაკება უნდა თუ მოლაპარაკებობანას თამაში, – ამის შესახებ „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოცხადებულია 48-საათიანი ბლიცი, რომლის შემდეგაც გამოჩნდება, ქვეყანა შეთანხმების გზით მიდის, თუ შეუთანხმებლობის.

„დღეს და ხვალ გვექნება რამდენიმე შეხვედრა. პირველი შეხვედრა არის პოზიციების მოსინჯვა და არა დეტალური საუბარი. არა მარტო იმიტომ, რომ არ უნდა ვისაუბროთ, არამედ იმიტომაც, რომ ახალი არაფერი გვაქვს სათქმელი. დავაფიქსირეთ პოზიცია ექვსივე საკითხთან დაკავშირებით, სადაც გამოვყავით, რომ ჩვენთვის პრიორიტეტია პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი. სავარაუდოდ, დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება. ალბათ ევროკავშირიც ჩამოაყალიბებს საკუთარ პოზიციას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც მიდის საუბარი. წინასწარ არ შევიქმნი პოზიციას, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად კომპრომისებზე მოვა საერთო შეხვედრაზე. ხვალ საღამოს გვეცოდინება „ქართულ ოცნებას“ უნდა მოლაპარაკება თუ მოლაპარაკებობანას თამაში – არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ევროპულ მხარესაც ეცოდინება. 48-საათიანი ბლიცია გამოცხადებული, რომელიც შემდეგაც კვირას საღამოს ან ორშაბათს გამთენიისას გვექნება ნათელი სურათი, შეთანხმების გზით მივდივართ, თუ შეუთანხმებლობის. ოპოზიციამ დააფიქსირა, რომ კონსტრუქციული შეთანხმებისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის თბილისს 12 მარტს ეწვია და ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შეხვდა.