ბადრი ჯაფარიძე – შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მოიცავდა ყველა იმ თემას, რაზეც ვსაუბრობთ და რამაც პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია

ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების თემას, აქედან გამომდინარე, რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა, კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ ღალატი, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული ვითარების განხილვა ყველასთვის ხელსაყრელი იყო.

„სანამ მოლაპარაკება მიმდინარეობს ყოველთვის ველოდებით, რომ შეთანხმება მოხდება. ეს შეხვედრა იყო ძალიან კონსტრუქციული, მოიცავდა ყველა იმ თემას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რამაც გამოიწვია დღევანდელი პოლიტიკური კრიზისი, ამიტომ იყო შეხვედრა პოზიტიური. ჩემი აზრით, არსებული ვითარების განხილვა იყო ძალიან ხელსაყრელი ყველასთვის.

მოლაპარაკებები გრძელდება და ჩვენ რა თქმა უნდა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ის დამთავრდება საბოლოო შეთანხმებით. ჩვენი წინადადება არის ცნობილი, რომელიც ემსახურება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და არა რომელიმე პარტიის ინტერესებს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ერთი ჩვენი წინადადება არ არის რომელიმე პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ინტერესები გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესებიდან და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებიდან. ჩვენი წინადადება საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას და ნებისმიერი კონკრეტიკა ამ მოლაპარკაბების შესახებ ვერ იქნება განხილული საჯაროდ, სანამ არ მოხდება შეთანხმება. ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მოიცავს რიგგარეშე არჩევნების თემას, აქედან გამომდინარე რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა ეს კომპრომისი არ არის, ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების მიმართ ღალატი, შესაბამისად, ჩვენ არც ერთ შეთანხმებას არ გავაფორმებთ ისეთს, რომელიც იქნება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების საზიანოდ.

უნდა დაველოდოთ მოლაპარაკებების მიმდინარეობას – არანაირი კონკრეტული განხილვა არ გვექნება საჯაროდ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. შეხვედრებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი და აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. ​

შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. კრისტიან დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.