მამუკა ხაზარაძე – შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა, იმედი მაქვს, საბოლოო ჯამში მივიღებთ კარგ შედეგს

ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ კრიზისის დაძლევისკენ, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, ძალიან კონსტრუქციული. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ დანიელსონს, საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩაატარა ამ ბოლო ორი დღის განმავლობაში. იმედი მაქვს, რომ უახლოესი საათები კიდე უფრო ნაყოფიერი იქნება და საბოლოო ჯამში, მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის კარგ შედეგს. ყოველ შემთხვევაში მინდა, რომ ესე დასრულდეს ეს მოლაპარაკებები“,- განაცხადა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, მათი მოთხოვნა, გარდა სხვა მოთხოვნებისა, არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.

ამასთან, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, შარლ მიშელის ექვსპუნქტიანი გეგმა უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა.

„ახლა მიდის საუბარი მექანიზმებზე, თუ როგორი ფორმით და რა დროს უნდა დაინიშნოს. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ცენტრალური საკითხია. რიგგარეშე არჩევნები არის ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური საკითხი ამ მოლაპარაკებებში. მიმდინარეობს მოლაპარაკება ფორმულაზე. საუბარია, როგორი ფორმულით უნდა მოხდეს შეთანხმება ამ არჩევნებთან დაკავშირებით.

ეს არ იქნება ჩემი მხრიდან რაღაცა შიდა საუბრის გამოტანა, მაგრამ უფრო სერიოზულ დოკუმენტად გადაიქცა ის ექვსპუნქტიანი, ბატონი შარლ მიშელის დოკუმენტი. უფრო ღრმა დოკუმენტად გადააქცია ბატონმა დანიელსონმა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი დემოკრატიული განვითარებისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ ეს, რა თქმა უნდა, განხორციელდა ცხოვრებაში. ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ეს განვახორციელოთ“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.