თამარ გაბუნია – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის და ამ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ ადასტურებს კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინასა და თრომბოემბოლიურ გართულებებს შორის და ამ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„გასულ კვირას გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, იმის გამო, რომ აცრის შემდგომ პერიოდში რამდენიმე ბენეფიციარს დაუფიქსირდა თრომბოემბოლიური გართულებები, შეაჩერა ორი კვირით „ასტრაზენეკას“ გამოყენება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პარასკევს, ასევე ევროპის წამლის რეგულირების სააგენტომ გამოაქვეყნეს განცხადება, რომ დღეს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიზეზშედეგობრივ კავშირს „ასტრაზენეკასა“ და გამოვლენილ მოვლენას შორის, არ არსებობს. თრომბოემბოლიის რისკი ისეთივეა ვაქცინაციის შემდეგ, როგორც ზოგადად მოსახლეობაში ვაქცინაციის გარეშეც იქნებოდა.

მოგეხსენებათ, თრომბოემბოლია ისედაც შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს მთელ რიგ დაავადებებთან და ასევე სხვა რისკფაქტორებთან. ამდენად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კავშირს „ასტრაზენეკას“ ვაქცინას და გამოვლენილ მოვლენებს შორის, კონკრეტულად თრომბოემბოლიურ გართულებებზე მაქვს საუბარი, არ ადასტურებს და იძლევა რეკომენდაციას „ასტრაზენეკას“ გამოყენების შესახებ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.