სალომე სამადაშვილი: ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება

ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში პროგრესი იქნება. „ეს პროცესი რომ წარმატებით დასრულდება, ამის საფუძველს პირველ რიგში მაძლევს ის, რომ ევროკავშირმა ამაში საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი დადო. ამის ძალიან ნათელი გზავნილი მივიღეთ დღეს, როცა მედიატორმა განაცხადა, რომ ის დარჩება ამ პროცესში იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შედეგის დადებას დასჭირდება. თუ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა რამე ილუზია, რომ ევროპულ მხარეს ამ მედიაციის პროცესის ბოლომდე მიყვანა მოსწყინდებოდა, ძალიან ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირმა საკუთარ პოლიტიკურ ამოცანად აქცია მედიაციის პროცესის კონკრეტული შედეგით დასრულება“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია, ამ პროცესში მონაწილეობს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესების დასაცავად, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დასაბრუნებლად იმ ფორმით, როგორიც უნდა იყოს ევროპულ სახელმწიფოში. „ჩვენ ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს, სანამ არ მივალთ შედეგამდე. ღარიბაშვილი მიემგზავრება ბრიუსელში და ვფიქრობ, რომ ის მიიღებს გარკვეულ გზავნილებს. ვნახოთ, შესაბამისად როგორ შეიცვლება თუ არ შეიცვლება „ქართული ოცნების“ პოზიცია, თუმცა კომპრომისის მიღწევა ცხადია ორივე მხრიდან მოითხოვს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მან მოლაპარაკების დეტალები არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხებია პოლიტპატიმრების თემა და ვადამდელი არჩევნები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში კიდევ ერთი დღით დარჩა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დილიდან განაგრძობს. ის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს უკვე შეხვდა.