თენგიზ ცერცვაძე – კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა

ტელევიზიები, ექსპერტები და საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის, პოლიტიკური სპეკულაციისთვის,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებაზე საუბრისას განაცხადა.

ცერცვაძის განცხადებით, კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა.

„იყო ანტივაქსერული განწყობა, რომელიც, სამწუხაროდ, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც არის. ანტივაქსერებში ორი ჯგუფი უნდა გამოვყოთ, ერთი ურწმუნოები, რომლებსაც უბრალოდ არ სჯერათ ვაქცინის. ესენი ყველგან არიან და ყოველთვის იყვნენ. ასე იყო გრიპზე, წითელაზე და სხვაზე. მეორე, გაცილებით უარესი მოვლენა, როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები, ექსპერტები და პირდაპირ ვიტყვი, ტენდენციური, საქართველოსთვის მოსახლეობისთვის არაკეთილმოსურნე ადამიანები ამ ვაქცინაციას სპეკულაციური მიზნებით იყენებენ, მათ შორის პოლიტიკური სპეკულაციისთვის.არავისთვის დასამალი არ არის, რომ კოვიდინფექციის წარმატებით მართვა დიდი ხანია, პოლიტიკური შეფასებისა და კამათის საგნად გადაიქცა. კერძოდ, თუ პანდემიას ქვეყანა მართავს წარმატებით, ესე იგი, მთავრობა კარგია, ცუდად თუ მართავს, მთავრობა და ჯანდაცვის მინისტრი არ ვარგა. ვაქცინაზეც ანალოგიური იყო. თუ ვაქცინა არ იყო ქვეყანაში, თქვენ იცით, რომ დაგვიანდა შემოტანა ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ეს ატაცებული იყო და ძალიან ცუდად, არაკეთილსინდისიერად გამოიყენებოდა, როგორც ქვეყნის, მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს სისუსტე. მოხდა პარადოქსი, ამ ტელევიზიების თვითლუსტრაცია მოხდა, ამ ექსპერტების და ამ ძალების, ვინც ერთ ამბავს ტეხდნენ, სპეკულირებდნენ, მანიპულირებდნენ, რომ ქვეყანამ ვაქცინა არ შემოიტანა, ქვეყანა თავის მოსახლეობას გენოციდს უწყობს. მოხდა ამ ადამიანების გარდაქმნა, რომელებიც ქვეყანას საყვედურობდნენ, რომ ვაქცინა არ გაქვთ და ადამიანების ბედი არ გაღელვებთ, ახლა უცებ გარდაიქმნენ, მოსახლეობას და ექიმებს მოუწოდებენ, რომ უარი თქვან ვაქცინაზე. ეს დაუჯერებელი სიტუაციაა“, – აცხადებს ცერცვაძე.