დავით ზილფიმიანი: რატომ არ დადის კახეთიდან მატარებელი? დაუკვირდით, რამდენი წელია ბაზრებში არ გვინახავს კახელი გლეხი და პროდუქციას გადამყიდველებისგან ვყიდულობთ

რატომ არ დადის კახეთის მიმართულებით მატარებელი? თბილისში სოფლის მეურნეობის პროდუქციას მაღალ ფასში ვყიდულობთ. დაუკვირდით, რამდენი წელია ბაზრებში არ გვინახავს კახელი გლეხი, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით ზილფიმიანის განცხადებით, კახეთის მიმართულებით მატარებლის გახსნა, თბილსიში შემოტანილ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასზე გავლენას მოახდენს და მზარდ დინამიკას შეცვლის. „კახელი გლეხები ბაზარში აღარ არიან. დღეს მთელ ამ დოვლათს გადამყიდველები კაპიკებში ყიდულობენ და შემდეგ თბილისში მამასისხლად ვყიდულობთ იმ პროდუქტს, რომელიც მას კახელმა სამჯერ-ოთხჯერ უფრო იაფად მიჰყიდა. ამის მიზეზია ის, რომ უკვე რამდენი წელია, კახეთში მატარებლი არ მოძრაობს. მე ამ კითხვით მივმართე მაშინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრს და პასუხი იყო – არ ვიცი. ეს რა პასუხია, მაშინ, როცა ქვეყანაში მშენებლობები მიდის. მთავარია, სწორად დავალაგოთ პრიორიტეტები. უნდა არსებობდეს მატარებელი თელავისა და დედოფლისწყაროს მიმართულებით. ეს ყველაზე მთავარი სამშენებლო პროექტი უნდა იყოს ქვეყანაში. მატარებელს ექნება არა მხოლოდ სამოქალაქო, არამედ საბარგო განყოფილება. როცა გლეხი თავის პროდუქტს ჩამოიტანს კაპიკებში და ბაზარში თავად გაყიდის. ეს ასე იყო და ძველგაზდებს გვახსოვს. მხოლოდ ასეთი ფორმით აწვდიდნენ იაფ ბაზარს ჯანსაღ პროდუქტს“, – განაცხადა ზილფიმიანმა.