ანა დოლიძეს თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ „პროგრესული საქართველო“ მხარდაჭერა გამოუცხადა

პარტიამ „პროგრესული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ხალხისთვის“ ლიდერს ანა დოლიძეს, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატია, მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც „პროგრესული საქართველოს“ წარმომადგენლები ალექსანდრე კობაიძე და გიორგი კვაბზირიძე აცხადებენ, თბილისის მერი უნდა იყოს ახალი ძალა, სუფთა წარსულით და მებრძოლი, როგორც ანა დოლიძეა.

„პარტია „პროგრესული საქართველისთვის“ ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკაში ყოფილიყვნენ სუფთა წარსულის, პრინციპული ადამიანები. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მხარი დავუჭიროთ ანა დოლიძის კანდიდატურას. საზოგადოებისთვის კარგად აირს ცნობილი ანას წარსული, პრინციპულობა, საქმიანობა და ღირებულებები, რომლებიც პირდაპირ თანხვედრაშია დასავლურ ფასეულობებთან. მოვუწოდებთ ჩვენი პარტიის ყველა მხარდამჭერს, ხმა მისცენ ანა დოლიძეს და შემოხაზონ ნომერი- 48,“ – განაცხადა ბრიფინგზე გიორგი კვაბზირიძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის ანა დოლიძის თქმით, მნიშვნელოვანია იმ ძალების გაერთიანება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ორპოლუსიანობის გარღვევაში და პოლიტიკაში ახალი სიტყვის და ახალი ძალების დამკვიდრებაში.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, შევთავაზე ყველა პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკურად აქტიურ სუბიექტს, რომელიც დაინტერესებულია ორპოლუსიანობის გარღვევაში, პოლიტიკაში ახალი სიტყვის, ახალი ძალების დამკვიდრებაში და ორიენტირებულია არა წარსულზე, არამედ მომავალზე, მხარი დაუჭირონ ჩემ კანდიდატურას თბილისის მერის არჩევანში და, ჩვენ პარტიას – ,,ხალხისთვის“. ცოტა ხნის წინ ჩვენ შემოგვიერთდა ჩხოროწყუს საკრებულოს წევრი, ბატონი კორნელი საჯაია, ყოფილი ,,შენების მოძრაობიდანაა“, გუშინ შემოგვიერთდა შენგელი ავსაჯანიშვილი – ყაზბეგის საკრებულოს წევრი, რომელმაც დატოვა “ ქართული ოცნება“. დღეს მხარდაჭერა გამოგვიცხადა პარტიამ ,,პროგრესული საქართველო“, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ. ჩვენი პარტიის ნიშანია, რომ პოლიტიკის დღის წესრიგში შემოვიყვანოთ ახალი ძალები, რომელიც ორიენტირებული იქნებიან არა დაპირისპირებაზე, არამედ საქმეზე, ეს დღის წესრიგი იმარჯვებს და სულ უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.