ჟოზეფ ბორელი შესაძლო რიგგარეშე არჩევნებზე: ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი

ეუთოს მიაჩნია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი, – ამის შესახებ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება შექმნილ სიტუაციაში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, რასაც ოპოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთ გამოსავალს უწოდებს, ბორელი პასუხობს:

„ჩემი გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, როდის ან რა ჩატარდება საქართველოში. ეუთოს მიაჩნია, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა ბორელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას.

„გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას. ასევე პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის ფართო შედეგები, ქართველი ხალხის ინტერესები წინ უნდა დააყენოს და გამოძებნოს გამოსავალი,“  – აღნიშნა ბორელმა.