ჟოზებ ბორელი:  პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ შეთანხმების მისაღწევად განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, – პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ

მე პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რომ სამომავლოდ შეთანხმება მიაღწიოს პოლიტიკურ სპექტრში, – ამის შესახებ უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ იარსებებს დიალოგი.

„ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირი გამუდმებით იმეორებდა, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე ერთ პლატფორმაზე უნდა მოექცეს და არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაში მოახერხოს ურთიერთობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ამ მდგომარეობაში – ქვეყანა ებრძვის პანდემიას და ამასთან, ფართომასშტაბიანი რეფორმების დღის წესრიგი აქვს შესასრულებელი. ესაა საარჩევნო სისტემის, სასამართლო სისტემის რეფორმა. მთავრობისთვის, ეს გულისხმობს მაღალი კლასის ლიდერობის დემონსტრირებას. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მმართველ პარტიას, რათა სამომავლოდ, შეთანხმება მიიღწეს. პოლიტიკური საქმიანობა არაა ჯანსაღი, თუ არ იარსებებს დიალოგი, პარლამენტის გვერდის ავლით, პლურალიზმს ვერ დავამკვიდრებთ. ყველას ვთხოვთ, ქართველი ხალხისა და საქართველოს ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს და კომპრომისზე წავიდნენ“ – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.