იენს სტოლტენბერგის წლიური ანგარიში: მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის 2020 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტში საუბარია ბლოკში საქართველოს ინტეგრაციაზეც.

„მოკავშირეები აგრძელებენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.

ნატოს კარი ღიაა ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომელიც ალიანსის ღირებულებებს იზიარებს, მზად არის და შეუძლია მიიღოს ალიანსის წევრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებები და რომელთა ჩართვა ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკური ტერიტორიის უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობას ცალკე ქვეთავი ეძღვნება. მასში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მნიშვნელობაზეა საუბარი.

„გაგრძელდა პრაქტიკული თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, რომლის მიზანიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და საქართველოს ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისთვის მომზადებაა. არსებული ინიციატივების განხორციელების გარდა, ნატომ და საქართველომ ერთად იმუშავეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განახლების მიზნით, გადააქციეს ის უფრო ამბიციურ, თანმიმდევრულ, მიზანმიმართულ პაკეტად, რომელიც უკეთ ასახავს როგორც საქართველოს, ასევე ალიანსის პრიორიტეტებს“, – ნათქვამია ანგარიშში.