იენს სტოლტენბერგი: ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას ნატო-საქართველოს შორის

ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას ნატო-საქართველოს შორის, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, იმისათვის, რომ კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენ ვაფასებთ მჭიდრო თანამშრომლობასა და პარტნიორობას ნატო-საქართველოს შორის. მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომ რეფორმები განახორციელოს და ვაგრძელებთ როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. მოკავშირეები დგანან ამ მკაფიო გზავნილის გვერდით და ყველა მოკავშირეს ვთხოვ, რომ პრაქტიკული მხარდაჭერა გამოხატოს. ასევე მყარად მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, იმისათვის, რომ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს იყო კიდეც ჩვენი ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბატონ პრემიერ-მინისტრთან ერთად. ჩვენ 2008 წელს, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების ერთგულნი ვართ და ვაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების კუთხით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.