ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო არის ნატოს ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და საიმედო ურთიერთავსებადი პარტნიორი

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის ნატოს შტაბბინაში. მაქვს პატივი, საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით განვიხილო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა, არსებული დღის წესრიგი და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი. ნატოში გაწევრიანება საქართველოს საგარეო უსაფრთხოების მთავარი პრიორიტეტია, თანაც იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს გათვალისწინებულია ჩვენს კონსტიტუციაშიც, – ამის შესახებ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი ნატოსკენ სწრაფვა ემყარება ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილს, რომელიც მხარს უჭერს ამ მიზანს. ეს არის ფართო კონსენსუსის საკითხი მსხვილ პოლიტიკურ პარტიებს შორისაც. ნატოს მნიშვნელოვანი როლისა და ჩვენი დღის წესრიგის გათვალისწინებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კონტექსტში, ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში ხორციელდება საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის რანგში. საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის. ჩვენ ვართ ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ახლო და საიმედო ურთიერთავსებადი პარტნიორი. საქართველომ დაადასტურა თავისი კოლექტიური თავდაცვის ტვირთის გაზიარების შესაძლებლობა ნატოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ოპერაციებში. 860 ქართველი ქალი და კაცი, 10 წლის განმავლობაში ავღანეთში მოკავშირეთა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მსახურობდა. ამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმისადმი მათი თავდადებით, პროფესიონალიზმითა და ერთგულებით დამტკიცდა ქვეყნის სათქმელი. ჩვენ მივესალმებით ალიანსის მზარდ წარმომადგენლობას შავი ზღვის რეგიონში. შავიღზვისპირეთში ალიანსის ყოფნა ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია, რომელსაც ძლიერი სტაბილიზაციის ეფექტი მოაქვს. ევროპის უსაფრთხოება არ შეიძლება შედგეს უსაფრთხო და ძლიერი შავი ზღვის გარეშე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.