საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები – მომხრე და წინააღმდეგი

დღეს პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ იმსჯელებენ. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. არ არის გამორიცხული, რომ კანონპროექტს დღეს მესამედაც მოუსმინონ და დაამტკიცონ.

ცვლილებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და გასაჩივრების შესაძლებლობას ეხება.

კანონპროექტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ ამ ცვლილებების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი დაზუსტდეს.

“ამ ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. კერძოდ, საკითხი შეეხება როგორც დასაბუთების საკითხს, ასევე, კანდიდატების მიერ გასაჩივრების საკითხს და კენჭისყრის ღიაობის საკითხის დაზუსტებას. ამ საკითხებს ჩვენ კონსულტაციების რეჟიმში გავდივართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,”-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.