ეკატერინე ტიკარაძე: ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გართულება, რომელიც მხოლოდ ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს, ეს გართულებაა, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში

ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ახალციხეში, კოვიდზე აცრილი ექთნის მძიმე გვერდითი რეაქციის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ანაფილაქსიური რეაქცია არ არის გართულება, რომელიც შეიძლება ახლდეს ვაქცინაციას ან კონკრეტულად „ასტრაზენეკას“, ეს არის ერთ-ერთი ისეთი გართულება, რომელსაც ხშირად აქვს ადგილი სამედიცინო სფეროში.

„ჩვენ შევისწავლეთ ის სტატისტიკა, რომელიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს 60-დან 80-მდე მსგავსი შემთხვევა, რომელიც საზოგადოებისა და მედიისთვის ცნობილი არ ხდება. ასევე გვაქვს სტატისტიკური მონაცემები „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, როდესაც მსოფლიოში 7 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე 41 შემთხვევა დაფიქსირდა და ამ შემთხვევიდან არცერთი ყოფილა ლეტალური. აქედან გამომდინარე ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ვაქცინაცია შეჩერდეს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.