გიგა ბოკერია – „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხზე – ბოლომდე მოხდა ხელისუფლების გაშიშვლება

ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, „პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო” .

„არის ხოლმე სამწუხარო ვითარებები ქვეყნისთვის, როცა ასეთი ხელისუფლება გყავს, მაგრამ ვითარების კიდევ უფრო გაშიშვლება, მათ შორის ჩვენი პარტნიორებისთვის, საჭირო იყო. ამ ყველაფერს დადებითი მხარე თუ რამე აქვს, არის სულ ბოლომდე კიდევ უფრო გაშიშვლება ამ ხელისუფლების და ივანიშვილის გარემოცვის უნარების და პოზიციის ყველა საკვანძო საკითხზე. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერცერთ საკითხზე ვერ მივედით იქამდე, სადამდეც საჭირო იყო. მაგრამ განსაკუთრებით, ვიტყოდი, პოლიტიკურად შეურაცხადი პოზიცია იყო პოლიტპატიმრების საკითხზე, პოლიტიკური დევნის საკითხზე და ვადამდელი არჩევნების საკითხზე; შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ხალხს ივანიშვილისგან აკრძალული აქვს ნებისმიერ გონიერ განცხადებაზე განხილვის უნარის დაშვება. დათმო თუ არა რამე ოპოზიციამ? – მაქამდე საქმეც კი არ მისულა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი წინადადება გვქონდა, მათ შორის გამოვყოფდი პოლიტპატიმრებს, მელიას და რურუას და ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს. როგორ გაგრძელდება პროცესი? – ამ ფაზაში ეს საკითხი დასრულებულია. როდესაც ვლაპარაკობდი შოკისმომგვრელ სიშიშვლეზე ამ რეჟიმის, ეს ყველამ დაინახა. როცა მოვა ის მომენტი, თუკი იქნება ეს რეჟიმი და ივანიშვილის გარემოცვა მზად, რომ მიხვდნენ, ამ საქციელით ვერ შეინარჩუნებენ არსებულ ვითარებას, მაშინ შეიძლება კვლავ აზრი ჰქონდეს კონტაქტს. ბუნებრივია, პოლიტპატიმრების და ვადამდელი არჩევნების საკითხი დარჩება საკვანძო თემად საზოგადოებისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის, მათ შორის, ევროკავშირისთვის.

აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ დაგეგმილი აქციების გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება“, – განაცხადა ბოკერიამ.