ბადრი ჯაფარიძე – ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩინდა, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი – „ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე

მედიატორების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით და ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მეორე მხარის მიერ – „ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე, – ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის კირსტიან დანიელსონის მედიაციით გამართული ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში ოპოზიცია, მეორე მხარისგან განსხვავებით, უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილ მხარედ წარმოჩინდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან მუდმივ კავშირს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ეს არის წესი მოლაპარაკებების. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან გავაგრძელებთ ძალისხმევას. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მედიატორების მიერ იქნა შემუშავებული ძალიან საინტერესო იდეები ბევრი მიმართულებით, რაც ეხება საქართველოს ინსტიტუციონალურ განვითარებას, რაც ეხება დემოკრატიის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და ეს იდეები არ იქნა გაზიარებული მეორე მხარის მიერ. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ოპოზიცია წარმოჩინდა, როგორც უკიდურესად კონსტრუქციულად განწყობილი და მზად თანამშრომლობისათვის, მაგრამ სამწუხაროდ, იგივე ჩვენ ვერ მივიღეთ მეორე მხრიდან. მედიატორების მხრიდან იყო ძალიან კარგი იდეები და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვნახეთ მზაობა „ქართული ოცნების” მხრიდან, რომ ეს შემოთავაზებები გაეთვალისწინებინა.

რიგი წინადადებები მედიატორების მხრიდან იყო მისაღები ოპოზიციისთვის, არ იყო მისაღები “ქართული ოცნებისთვის”.

ამ ეტაპზე მოლაპარაკებების პროცესი შეჩერდა. ჩვენი მთავარი პარტნიორები განიხილავენ შექმნილ სიტუაციას ბრიუსელში, ჩვენ რა თქმა უნდა, დიალოგში ჩართული ვიქნებით მუდმივად. ამ ეტაპზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული იმის გამო, რომ “ქართულმა ოცნებამ” გამოავლინა სრულიად გაუმართლებელი სიხისტე და ამან არ მოგვცა საშუალება გაგვეკეთებინა გარღვევა, მაგრამ მინდა მაინც გითხრათ, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად. შეერთებული შტატები რჩება ამ პროცესის ერთგული, ევროკავშირი რჩება ამ პროცესის ერთგული რასაც ჰქვია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ აუცილებლად საბოლოო ჯამში განვმუხტავთ ამ კრიზისს, ოღონდ ამისათვის “ქართულმა ოცნებამ” უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა სახელმწიფოს და თანამოქალაქეების მიმართ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელის,კრისტიან დანიელსონის მედიატორობით “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების გაერთიანებული შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.