ბიძინა კულუმბეგოვი ექთნის გარდაცვალებაზე: ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა – საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს

თუ მომხდარს წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით შევხედავთ, აღიწერება, როგორც მწვავე ალერგიული სწრაფი რეაქციის განვითარება, რომელიც დამახასიათებელია ვაქცინებისთვის და ზოგადად, მედიკამენტების შემთხვევაში, – ამის შესახებ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის დღესთან“, 27 წლის ექთნის გარდაცვალების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ქალბატონ მეგის შემთხვევაში, ერთი რამ ვიცით, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. ყველა კითხვარში, რომელიც შევსებულია, ის აღნიშნავდა „არა“. ყველაფერზე იყო პასუხი, რომ მას ალერგიული ფონი არ ჰქონია. წინა წლების განმავლობაში, ის წარმატებით იკეთებდა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას და ჩვენ ისიც კი ვნახეთ, თუ როგორი გულანთებული მოუწოდებდა ყველას, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაეკეთებინათ. მეგის შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ყველაფერი გაკეთდა და თითქოს, მას არაფერი დააკლდა. საბოლოო შეფასება კომისიამ უნდა დადოს. რეგულირების სააგენტო იმსჯელებს, ექსპერტებს დეტალურად განხილვის შესაძლებლობა გვექნება“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა. ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა. ის გუშინვე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.