შალვა პაპუაშვილი: დრო გავა და საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული „ქართული ოცნება“ იყო

დრო გავა და საქართველოს მოქალაქეები გაიგებენ, რომ მოლაპარაკების პროცესში ყველაზე კონსტრუქციული „ქართული ოცნება“ იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებები ჯერაც არ არის ჩაშლილი და „ქართული ოცნების“ შეთავაზება კიდევ ძალაშია.

„პროცესი ჩაშლილი არ არის, დასრულებული არ არის, ჩვენი შეთავაზება ჯერ კიდევ დევს მაგიდაზე და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპონენტები, ან მათი ნაწილი გააცნობიერებს, თუ რამდენად კონსტრუქციული ვიყავით ჩვენ ამ მოლაპარაკებაში, რამდენად მნიშვნელოვანი შეთავაზებები გვაქვს და ამ შეთავაზებაზე წამოვლენ.

რაც შეეხება გაჯიუტებას, თუკი ვინმე არის გაჯიუტებული ამ პროცესში, პირველი ეს არის ნიკა მელია და ის ორგანიზაცია, რომელიც მას გვერდით უდგას. გაჯიუტება მდგომარეობს იმაში, რომ დღეს არ არსებობს კითხვის ნიშანი სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით. მათთვის თუ მნიშვნელოვანია ნიკა მელიას გარეთ ყოფნა, საჭიროა მხოლოდ გირაოს გადახდა, მაგრამ უჯიუტდებიან საკუთარ ქვეყანას და სასამართლო სისტემას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.