ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა დაბადების დღეზე 13 ადამიანი დაპატიჟა, დაწყებულია გამოძიება

ნორვეგიის პოლიციამ დაიწყო გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ერნა სულბერგის წინააღმდეგ, რომელსაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ  ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

თებერვლის ბოლოს ერნა სულბერგს 60 წელი შეუსრულდა. მან დაბადების დღე ნათესავებთან ერთად სამთო-სათხილამურო კურორტზე აღნიშნა. წვეულების პირველ დღეს ვახშამზე 13 სტუმარი იმყოფებოდა, მეორე დღეს კი ერნა სულბერგმა და მისმა მეუღლემ, სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღნიშვნა ნაქირავებ ბინაში გააგრძელეს.

ნორვეგიაში მოქმედი რეგულაციები დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებას კრძალავს.

სულბერგმა მოსახლეობას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ „სათანადო ყურადღება არ დაუთმო მოქმედი წესების შესწავლას“ და ფიქრობდა, რომ შეზღუდვა ერთი ოჯახის წევრებს არ ეხებოდა.