ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრას

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზად არის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრას.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ საჯაროდ აცრას აპირებს.

„ჩვენ გვქონდა სტრატეგია, ავცრილიყავით სხვადასხვა ვაქცინით. ჩინურ ვაქცინაზე არაერთი მითია და გადაწყვეტილი იყო, რომ მე ამ ვაქცინით ავცრილიყავი.

თუმცა, დღეს მიმდინარეობს შეჯერების პროცესი, თუ რა სახეს მიიღებს კამპანია, რადგანაც, რაც იყო დაგეგმილი, შესაძლოა, დღესდღეობით აღარ იყოს საკმარისი, მოსახლეობა დავარწმუნოთ ვაქცინის სანდოობაში. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ორშაბათს მოვახსენებთ საზოგადოებას, რა კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა, აიცრას და თანაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, ტიკარაძემ განაცხადა: „დიახ, მათ შორის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით“.