ნინო ბურჯანაძე – მოქალაქეები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს – საქართველო არ არის შენი ბოსტანი!

ოპოზიცია აცხადებს თავის სამოქმედო გეგმას, იმისთვის, რომ ქვეყანა გადავარჩინოთ, – განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის შეკრების შემდეგ.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ქუჩაში გამოსვლისკენ.

„რა თქმა უნდა, მეგობრები ეცდებიან ჩვენ დახმარებას, მაგრამ ქართველი კაცის, ქართველი მოქალაქის გასაკეთებელს ვერავინ გააკეთებს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავანახოთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, რომ დიახ, არჩევნები გაყალბებულია, მის შედეგებს არ ვეგუებით და რაც მთავარია, არ ვეგუებით იმას, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ საქართველო საკუთარ ბოსტნად გადააქციოს. საქართველოს მოსახლეობა, ადამიანები, რომელთაც გვაქვს ღირსეული, მრავალსაუკუნოვანი წარსული, რომელთა წინაპრებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა უთხრან ივანიშვილს, რომ საქართველო არაა ბოსტანი“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

18 მარტს „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის უცხოელი პარტნიორების მედიატორობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებები კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.