დათა ვანიშვილის შვილიშვილი: პაპამ გამზარდა, მინდა დავემშვიდობო, გავაცილო უკანასკნელ გზაზე, მაგრამ დამიჭერენ

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სასაფლაოზე დათა ვანიშვილის დაკრძალვას, მისი შვილიშვილი ვერ დაესწრო.

მალხაზ ვანიშვილი გამზრდელ პაპას საოკუპაციო ხაზთან დაემშვიდობა.

„ინფორმაცია მივიღე, რომ შემეძლო საოკუპაციო ხაზი საღამომდე გადამეკვეთა და პაპის დაკრძალვაზე მივსულიყავი. თუმცა მე მათ არ ვენდობი. მინდა, გადავიდე გამზრდელ პაპასთან, რომელმაც მამობა გამიწია, დავემშვიდობო, მაგრამ დამიჭერენ“, – აღნიშნა მალხაზ ვანიშვილმა.

დათა ვანიშვილი ოკუპირებულ მიწაზე მდებარე სასაფლაოზე დაკრძალეს.

მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი არ მიატოვა და მეუღლესთან ერთად, იქ განაგრძო ცხოვრება. დათა ვანიშვილი ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

2014 წელს ის ოკუპანტებმა იმის გამო დააკავეს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული. საოკუპაციო რეჟიმის აკრძალვების მიუხედავად, დათა პაპა მაინც ახერხებდა თითქმის ყველა არჩევნების დროს გადმოსვლას და საკუთარი პოზიციის დადასტურებას.

დათა ვანიშვილი 88 წლის ასაკში, 19 მარტს გარდაიცვალა.