თინა ბოკუჩავა – ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც მოლაპარაკებიდან რაღაც გამოვიდეს, ჩვენი პოზიციები ნათელია და ახლა დროა, ხელისუფლებამ თქვას, რა დათმობებზე მიდის

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ოპოზიცია მონდომებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც პოლიტიკურ მხარეებს შორის მოლაპარაკება რაღაც შედეგით დასრულდეს და ქვეყანაში კრიზისი დაიძლიოს.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიციები საზოგადოებისთვის ნათელია და ახლა დროა, ხელისუფლებამ ცხადად თქვას, რა დათმობებზე მიდის.

„ძალიან პოზიტიურია ის, რომ პრეზიდენტი მიშელი ინვესტირებულია ამ პროცესში, მისთვის და ზოგადად ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატება. ასევე, ძლიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის წარმატება ჩვენთვის. ოპოზიცია მოწადინებულია, რომ ამ ეტაპზე მაინც ამ მოლაპარაკებიდან რაღაც გამოვიდეს, რათა ეს კრიზისი დაიძლიოს და პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყონ ხალხის პრობლემებზე ზრუნვა, ამაზე პოლიტიკური კაპიტალის მეტად ხარჯვა, ვიდრე ეს შესაძლებელია პოლიტიკური კრიზისის დროს.

ჩვენი პოზიციები საზოგადოებისთვის ნათელია და ახლა ის დროა, ხელისუფლებამ ცხადად თქვას, რა დათმობებზე მიდის ის, რადგან ჯერჯერობით, „ქართული ოცნების“ მხრიდან ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი შემხვედრი წინადადება ოპოზიციის მოქნილი პოზიციების მიმართ. ისინი არ არიან მზად არანაირი დათმობისთვის, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ საერთაშორისო წნეხის ფონზე, დათმობებზე წასვლა მაინც მოუწევთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.