საზეიმო მიღების გაუქმებაზე პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად შეთანხმდნენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში განვითარებული მოვლენების გამო  საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება, რომელიც ბოლო სამი წელია აღინიშნება, გაუქმებულია.

„უკვე მესამე წელია, კონსტიტუციის დღე სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. დღესაც გვინდოდა, ღონისძიებები ყოფილიყო მასშტაბური, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაწყდა მხოლოდ მინიმალისტური ღონისძიებებით დღევანდელი დღის აღნიშვნა. კონსტიტუციის ქუჩაზე ახალგაზრდების ინიციატივით, საღამოს 18:00 საათზე აღინიშნება კონსტიტუციის დღე. ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიება. მათ შორის, იქნება მუსიკალური გაფორმება, ასევე გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთგვარი ისტორიული კონტექსტი საქართველოს კონსტიტუციის შესახებ“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ საზეიმო მიღების გაუქმებაზე პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად შეთანხმდნენ.

საქართველოს დღეს მოქმედი კონტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს მიიღეს.