„თითოეულ ბარელში თითქმის გაორმაგებულ თანხას ვიხდით, საწვავის ფასი უნდა შემცირდეს” – ალექსანდრე კობაიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

პარტია „პროგრესული საქართველოს” ლიდერის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით დღეს, საწვავის ფასი ისე არის გაძვირებული, რომ თითოეულ ბარელში თითქმის გაორმაგებულ თანხას ვიხდით.

კობაიძე საზოგადოების ნაწილს მოუწოდებს, რომ  არ შეეგუონ ფასების მატებას და გააპროტესტონ ეს ყოველივე.

„საწვავის ფასი უნდა შემცირდეს! სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე.
2017 წლის შემდეგ, ლარის კურსი რეკორდულად ეცემა, დღეს კი თითოეულ ბარელში თითქმის გაორმაგებულ თანხას ვიხდით!
სახელმწიფო, პოლიციური სტრუქტურა მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ახალგაზრდები და ყოველი პროტესტის შემდეგ აკავებს მათ ან აჯარიმებს!

საწვავის ფასი ერთი თეთრით გაძვირებაც კი, ოჯახის ბიუჯეტს ათობით ლარი აკლდება.  გამოდი და უსამართლო ფასები გააპროტესტე! გამოდი ეს შენც გეხება!”, – აცხადებს ალექსანდრე კობაიძე.

ცნობისთვის, „პროგრესულმა საქართველომ”  რამდენიმე დღის წინ კახეთის გზატკეცილზე საწვავის გაზრდილი ფასების გამო  საპროტესტო აქცია გამართა.

ასევე, მანამდე აქციები გაიმართა ქუთაისში, სადაც ავტობანი გადაიკეტა, შემდეგ კი ბათუმში.