არჩილ თალაკვაძე – როცა 2 თვის მერე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმას არ აქვს მხარდაჭერა

ოპოზიციის  რადიკალურმა დღის წესრიგმა დაკარგა მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიციის მიერ ორი თვის შემდეგ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა.

„ოპოზიციამ დააანონსა საპროტესტო აქციები დღეიდან 2 თვის შემდეგ, რაც თავისთავად ძალიან უცნაურია და ამას ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ოპოზიციის ამ რადიკალურმა დღის წესრიგმა დაკარგა მხარდაჭერა. მისი მხარდამჭერებიც კი არ ეთანხმებიან ოპოზიციის იმ დესტრუქციულ გეგმას, რომლის ნაწილიც არის ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დაყენება და მცდლობა, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის ავლით ვინმემ რამე ცვლილებას მიაღწიოს ამ ქვეყანაში. ამაზეც გაკეთდა განცხადებები როგორც ევროპარლამენტში, ისე სენატში და ჩვენმა პარტნიორებმა პირდაპირ მოუწოდეს ოპოზიციას, რომ პარლამენტის გარეთ მათ დემოკრატიის პროცესი ვერ წარმოუდგენიათ და ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში. როდესაც ორი თვის მერე აანონსებ საპროტესტო აქციას, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ოპოზიციას და მის დესტრუქციულ გეგმას არ აქვს მხარდაჭერა. ეს დესტრუქციული გეგმა პრაქტიკულად გაკოტრებულია და თავისუფლად შეიძლება ითქვას ის, რომ ოპოზიციას აქვს ორად ორი არჩევანი. შევიდეს პარლამენტში და მიიღოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ან დარჩეს მარგინალურ ველში და ბოლომდე გავიდეს დემოკრატიული სივრციდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.