ვილი სანიოლი: ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემით ვიქტორ კლაესონმა ისარგებლა და ჩვენი გუნდის კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ შეხვედრა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა

“ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას, მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ კარგი მომავალი გვექნება,” – თქვა ვილი სანიოლმა.