განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ახალი სპორტული დარბაზი გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის ბაზას ეწვია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომელაურმა მოადგილეებთან, იოსებ ჭელიძესა და გიორგი ბუთხუზთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა და ახალი სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

„შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე დეტალურად გაეცნო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო პირობებს. ახალი, თანამედროვე სპორტული დარბაზი ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. შინაგან საქმეთა მინისტრი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის კვებითი უზრუნველყოფითაც დაინტერესდა, ბაზაზე მომსახურე თანამშრომლების კვების რაციონს გაეცნო და ყაზარმის სასადილო დაათვალიერა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს სამუშაო პროცესთან დაკავშირებით შესაბამისი დავალებები მისცა.