თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რა განსხვავებაა AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინებს შორის

AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები ტექნოლოგიურად რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, AstraZeneca, ეს არის ვექტორული ვაქცინა, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი.

„AstraZeneca, ეს არის ვექტორული ვაქცინა, როდესაც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი. ამ ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის დასუსტებული ადენოვირუსი, რომელშიც შეყვანილია ინფორმაცია ამ კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის და ორგანიზში შეგვყავს დასუსტებული ადენოვირუსი, რომელიც არანაირ პათოლოგიას არ იწვევს. ვაქცინაში შეყვანილი დნმ ინფორმაცია, შემდეგ ხდება მისი გადასვლა რნმ-ზე, შემდეგ ტრანსლაცია ცილებზე და ეს ვაქცინა ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს ვირუსის სპეციფიკური ცილები. ე.წ. წვეტიანი ცილები, რომელზეც შემდეგ უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები.

რაც შეეხება Pfizer-ს, იქ სულ სხვა ტექნოლოგიაა გამოყენებული, მართლა ახალი ტექნოლოგიაა. პირველად არის იმ ტიპის ვაქცინები გამოყენებული როგორიც Pfizer-ის​. ეს არის ე.წ. რნმ ვაქცინები, როდესაც ჩვენ ვაქცინის საშუალებით ორგანიზმში შეგვყავს არა დასუსტებული ან დახოცილი ვირუსის კულტურა, არა ვირუსის ცილები, არა ადენოვირუსი, რომელიც მატარებელია დნმ ინფორმაციისა თუ როგორ უნდა მოხდეს ცილების სინთეზი, არამედ შეგვყავს ერთგვარი შუალედური რგოლი, მესენჯერული ერენემი.

AstraZeneca-ს დროს ჩვენ შეგვყავს ადენოვირუსი, დნმ ინფორმაცია და ეს შეტანილი ინფორმაციით წარმოიშობა რნმ-ი და რნმ-ისგან, შემდეგ ტრანსლაციის მეშვეობით ვირუსული ცილები. Pfizer-ის ვაქცინით ერთი საფეხურით წინ არის, ანუ პირდაპის რნმ-ი შეგვყავს, ვირუსის რნმ-ი, რომელიც ასევე შეიცავს ინსტრუქციას, როგორც ასტრაზენეკას შემთხვევაში, თუ როგორ უნდა აწარმოოს ორგანიზმმა პროდუქცია ვირუსის ცილების“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.