სალომე სამადაშვილი – დოკუმენტზე, რომელიც მაგიდაზე დაიდება, პრინციპული პოზიციები გვაქვს – ჩვენ არ ვაპირებთ ფუჭი დაპირებები, ან შეფუთული სიცარიელე გავატაროთ როგორც რეფორმის დაპირება

იმ დოკუმენტზეც, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ძალიან პრინციპული პოზიციები გვაქვს. არ მინდა ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ფუჭი დაპირებები, ან შეფუთული სიცარიელე გავატაროთ როგორც რეფორმის დაპირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, მედიატორს კარგად ესმის, რომ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე პროგრესი ვერ იქნება.

,,მედიატორისთვის გასაგებია, რომ მხარეებს შორის არის საკმაოდ დიდი სივრცე, დისტანცია. ამავე დროს, გასაგებია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს ოპოზიციისათვის, როგორიც არის პოლიტპატიმრების, ან არჩევნების თემა. კომპრომისი მოითხოვს დათმობას ორივე მხრიდან, თუმცა არ უნდა იყოს ისე, როდესაც ერთ მხარეს უწევს დათმობა და მეორეს არაფრის. ველოდები, რომ დოკუმენტი, რომელიც დაიდება მაგიდაზე, იქნება იმ დისტანციის შუაში, რომელიც არსებობს ჩვენსა და მმართველ გუნდს შორის. თუ მზაობა იქნება ორივე მხრიდან, ეს შეთანხმება გაფორმდება, თუ არ იქნება მზაობა, გვექნება მორიგ ჯერზე მედიაციის წარუმატებელი მცდელობა.

მედიატორს კარგად ესმის, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების გარეშე პროგრესი ვერ იქნება. ამავე დროს, ჩვენ საუბარი გვქონდა მართლმსაჯულების რეფორმაზეც და საარჩევნო სისტემის რეფორმაზეც. არ შეიძლება დათმობა ვუწოდოთ იმას, რაც არის ხელისუფლების ვალდებულება, ეს არის ის ვალდებულებები, რომელიც აღებული აქვს საქართველოს, როგორც ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყანას ევროკავშირთან.

თავი რომ დავანებოთ ვადამდელი არჩევნების და პოლიტპატიმრების საკითხს, ყველა სხვა საკითხზეც ჩვენ გვჭირდება ძალიან მყარი გარანტიები და სამოქმედო გეგმა. იმ დოკუმენტზეც, რომელიც წარმოდგენილი იქნება, ძალიან პრინციპული პოზიციები გვაქვს. არ მინდა ვინმეს ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვაპირებთ ფუჭი დაპირებები, ან შეფუთული სიცარიელე გავატაროთ, როგორც რეფორმის დაპირება. ცხადია, ამ დოკუმენტში დეტალები ვერ იქნება, თუმცა იქ უნდა იყოს პრინციპები და ჩარჩო, თუ როგორ აპირებს ევროკავშირი განახორციელოს ზედამხედველობა ამ შეთანხმების შესრულებაზე, ან რა ინსტრუმენტებით აპირებს გააგრძელოს ზეწოლა ხელისუფლებაზე. არავინ აპირებს შექმნას რეალობა, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელს მოაწერს და ეს დაპირება მაკულატურად იქცევა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.