მამუკა მდინარაძე: გიორგი რურუამ ფორმალურად 2 500 ლარი ჩაურიცხა „მთავარ არხს“ და ამის გამო „პოლიტპატიმრად“ შერაცხეს

ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და მას 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

„მე არ ვიცი, ოპოზიციას ეშინია თუ ასეთი თავხედური დღის წესრიგი აქვთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტს პოლიტპატიმარს უწოდებენ. ჩვენ გვყავს ქვეყანაში კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი რურუა, რომელიც ამჟამად ზის ციხეში და მას 2 500 ლარად უწოდებენ პოლიტპატიმარს. ეს არის მოცემულობა. ამ ადამიანმა ჩარიცხა ფორმალურად 2 500 ლარი „ნაცმოძრაობის“ არხზე და ამის გამო უწოდებენ პოლიტპატიმარს. ეს ხომ ყველამ ვიცით? ერთმანეთს თუ ვერ უმხელენ პირადად ამ ადამიანის შიშით, არ ვიცი… პოლიტიკასთან მისი კავშირი ფიზიკურად არ არსებობს და „მთავარ არხზე“ ჩარიცხული 2 500 ლარია მისი ერთადერთი კავშირი“, – განაცხადა მდინარაძემ.