ფრიდონ ინჯია: გუშინ ამაზრზენი ფაქტი მოხდა, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც 2019 წელს იყო, მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე

გუშინ მოხდა ამაზრზენი ფაქტი, ეს იმ სცენარის გაგრძელებაა, რაც იყო 2019 წელს – მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე, – ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების გეგმის ნაწილია, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან დაიწყო, რომ ეკონომიკურად გაანადგურონ ქვეყანა. ინჯიას განცხადებით, პროცესები, რომლებიც 2003 წელს დაიწყო, ჯაჭვურად განვითარდა შემდეგ 2008, 2019 წლებში და გუშინდელ დღეს.

დეპუტატის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა საქართველოს არჩევნები აღიარეს, „ნაციონალურ მოძრაობას“ რევოლუციის მეტი სხვა გზა არ დარჩა, რომელსაც ეკონომიკური გზით ცდილობს.

„ეს იმ სცენარის გაგრძელებაა რაც იყო 2019 წელს, კერძოდ, მე მხედველობაში მაქვს გავრილოვი, მაშინ იყო გავრილოვის ღამე, გუშინ იყო პოზნერის ღამე. რამ გამოიწვია ეს? საიდან მოდის ეს? ეს მოდის 2003 წლიდან, როდესაც როგორც კი მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ გააუქმა ერგნეთის ბაზრობა, გადაკეტა გზები აფხაზეთში, ყველაფერი ეს გადაკეტა იმისთვის, რომ მიეღო ფინანსური მოგება, რა ფინანსური მოგება ჰქონდა, ეს უკვე გამოჩნდა 2008 წელს. ის ომი, რომელიც 2008 წელს იყო, რომელიც მზადდებოდა რუსეთის გარკვეული წრეების მიერ დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში და რომელიც ბრწყინვალედ შეასრულა რუსეთმა, იმიტომ, რომ მას ჰყავდა მხარდამჭერები, ბაზა აქ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, და ზუსტად ის ხალხი იყო, რომელიც კორექტირებას უკეთებდა, სად დაებომბათ და რომელი ადგილი დაებომბათ.

ზემო აფხაზეთი, ახალგორი, მთლიანად აფხაზეთი არის ერთი ჯაჭვი. ზუსტად მაგათმა მოაწყვეს ის 2019 წელს, რომ ეკონომიურად დაზარალებულიყო საქართველო, დღესაც, რაც მოხდა არის გაგრძელება 2008 წლის, 2019 წლის, რომ ეკონომიურად როგორმე საქართველო დაინგრეს. სხვა გამოსავალი მათ არ აქვთ. ახლა გამოჩნდა, რომ ჩვენმა მედიატორებმა და მეგობრებმა ევროპიდან და ამერიკიდან კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ გაყალბებული არაფერი ყოფილა და ახლა არის გზა, რომ როგორმე ფეხზე დადგეს ქვეყანა, ვემზადებით ახალი სეზონისთვის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით და ეს არ აწყობთ კვლავ, იმათ უნდათ რევოლუცია და რევოლუცია შეუძლიათ მხოლოდ ამ გზით, რომ ეკონომიურად დაანგრიონ საქართველო“, – განაცხადა ინჯიამ.