„ისე, თუ ვერ გაბედეს, მაშინ რა ჯანდაბად უნდათ ეს – “საკონსტიტუციო უმრავლესობა?!.”

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

“რას ველოდები “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის მხრიდან…”!

1. კარდინალურ საკონსტუტიციო რეფორმებს, რომელიც ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელის შესაბამისი იქნება!

2. საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას. არსებული პირდაპირი და საყოველთაო საარჩევნო წესის გაუქმებას. 2018 წლიდან, პრეზიდენტის არჩევას ქვეყნის პარლამენტის მიერ, მხოლოდ პარლამენტის წევრების რიგებიდან (ლეგიტიმაციის ხარისხის უზრუნველსაყოფად), და არა პარლამენტის გარედან!

3. ახალი საარჩევნო კოდექსის მიღებას. მაღალპროფესიული, ევროპული საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის დანერგვას!

4. 2020 წლიდან ქვეყნის პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირებას, 150 დეპუტატიდან 120 დეპუტატამდე. მათ არჩევას პროპორციული წესით და მაჟორიტარული წესის გაუქმებას. საქართველოს ორგანული კანონის, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ”, საფუძვლიან განახლებას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკების მოდელს, სადაც პოლიტიკური პარტიების როლი და მნიშვნელობა სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში განუზომლად დიდია!

5. ამ ეტაპზე, კონსტიტუციაში დაფიქსირებული ნორმის დატოვებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში სათანადო პოლიტიკური ვითარების შექმნის შემდეგ (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა!) ორპალატიანი პარლამენტის შემოღება გარანტირებული იქნება (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლების ინტერესების გათვალისწინებით!), სადაც პარლამენტის წევრთა რიცხვი 30 კანონმდებელით გაიზრდება (ზედა პალატა 30 წევრი, ქვედა პალატა 120 წევრი). მანამდე კი, არსებული ერთპალატიანი პარლამენტი განაგრძობს ფუნქციონირებას!..

P.S. სოციალურ და ეკონომიკურ, ან სხვა საკითხებს არ შევეხე, რადგანაც ყველა მათგანს, უწინარესად, “პოლიტიკური უზრუნველყოფა სჭირდება””! ისე, თუ ვერ გაბედეს და “რაღაც ამდაგვარი” არ მოიმოქმედეს, მაშინ რა ჯანდაბად უნდათ ეს, – “საკონსტიტუციო უმრავლესობა”?!..

კომენტარის დატოვება