„ჯიემთივის” ექსკლუზიური ვიდეო და აუდიოჩანაწერი: როგორ ჩაკეტეს სკოლის მანდატურებმა და დირექტორმა მე-6 კლასელი ბავშვი 4 საათის განმავლობაში და როგორ დააჩოქეს კლასელებმა თანატოლი ლაგოდეხში

ლაგოდეხის #1 საჯარო  სკოლაში მე-6 კლასის ორმა მოსწავლემ მათსავე თანაკლასელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააჩოქა და თანაკლასელებისთვის ბოდიშის მოხდა აიძულა.

როგორც ირკვევა, ყველაფერი მოსწავლეებს შორის საერთო „ჩატში” მიმოწერიდან დაიწყო, სადაც  დაზარალებულმა ბავშვმა თავისივე თანაკლასელებს მისწერა, რომ საშინაო დავალების შესახებ მიეცათ ინფორმაცია. ორ მოსწავლეს, რომელებმაც  უკვე შემდგომში, აღნიშნულ კლასელს შეურაცხყოფა მიაყენეს, ვიდეოდან ირკვევა, რომ მისი დაწერილი მიმართვის ფორმა არ მოეწონათ, ამიტომ გადაწყვიტეს სკოლის მიმდებარედ დაეჩოქებინათ და ბოდიში მოეხადა, ვიდეოს კი მთელ კლასს აჩვენებდნენ, ასეც მოიქცნენ.

„ჯიემთივიმ” ექსკლუზიურად მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ძალადობის ამსახველი ვიდეო ნახეს მოსწავლეებმა,  სკოლის დირექციამ და მანდატურებმა

ასევე ჩანაწერიდან ვიგებთ, რომ დაზარალებული მოსწავლის ერთ-ერთი კლასელი სკოლის მანდატურებმა  4 გაკვეთილის (4საათის) განმავლობაში ჩაკეტეს, რათა მას აღნიშნული ფაქტის შესახებ სიმართლე  არ გაემჟღავნებინა და სააშკარაოზე არ გამოეტანა რეალობა. ამის შესახებ ჩანაწერში თავად დაზარალებული ბავშვის, მახოს  კლასელი საუბრობს.

როგორც „ჯიემთივის” მიერ ექსკუზიურად მოპოვებული აუდიოჩანაწერიდან ვიგებთ, მანდატურების მიერ მოსწავლის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი იცოდა სკოლის დირექტორმა, რომელმაც  კიდეც ნახა ოთახში ჩაკეტილი ბავშვი, ხოლო მის გასათავისუფლებლად არაფერი გააკეთა.

ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებულ აუდიოჩანაწერში დასტურდება, რომ  მანდატურმა თავისი თვალით ნახა მოსწავლეების მიერ განხორციელებული ჩაგვრის ამსახველი ვიდეო.

ასევე ირკვევა,  ბავშვი, რომელიც ჩანაწერში საუბრობს, სკოლის დირექტორმა მშობელს მოსთხოვა აღნიშნული მოსწავლე რაიონის სხვა სკოლაში გადაეყვანა. მშობელმა ხელწერილის საფუძველზე ბავშვი  მართლაც გადაიყვანა ლაგოდეხის #1 საჯარო სკოლიდან.

მოგვიანებით მანდატურის სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, სადაც იწუყებიან, რომ მე-6 კლასის მოსწავლეების ფიზიკური დაპირისპირების და ბულინგის ფაქტს ადგილი არც სასკოლო სივრცეში და არც სკოლის ტერიტორიაზე არ ჰქონია.

სკოლაში მომხდარი ბულინგის ფაქტის შემდეგ, დაზარალებული მოსაწავლის ბებია ფიზიკურ შეურაცხყოფასა და იძულებაში მონაწილე არასრულწლოვნებს ანალოგიურად მოექცა. მას ლაგოდეხის სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურამ ბებიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით  წარუდგინა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

იურისტების განცხადებით, აუდიოჩანაწერში შესაძლოა, იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულკის ნიშნები.